ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში (კახეთის მხარე), გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა: 8 024 (2014).
geografia
გურჯაანი მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო–აღმოსავლეთ მთისწინეთის და ალაზნის ველის მიჯნაზე, ბაკურციხე-თელავის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 400 მ სიმაღლეზე, თბილისიდან დაშორებულია 111 კმ-ით.
ჰავა ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულია. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 12,4°C, იანვრის საშუალო ტემპერატურაა 0,9°C, ივლისისა - 23.6°C. ნალექები 804 მმ წელიწადში.
ქალაქის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 412 მეტრზე მდებარეობს კურორტი . კურორტის სამკურნალო ფაქტორია ფსევდოვულკანური წარმოშობის ტალახი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისთვის. სამკურნალო ჩვენებებია: მოძრაობის ორგანოთა ქრონიკული დავადებები, პერიფერიული ნერვიული სისტემისა და გინეკოლოგიური დავადებანი. კურორტზე სეზონი გრძელდება მაისიდან ნოემბრამდე.
istoria
„გურჯაანის“ სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით ხალხურ გადმოცემებში მრავალი ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ისტორიულად დასაბუთებული ვერსიის თანახმად ამ სახელს თურქული წარმოშობა აქვს: სიტყვა „გურჯ“ თურქულია და ქართველს ნიშნავს, ხოლო „გურჯაანი“ - ქართველთა სადგომს.
ქალაქ გურჯაანის ტერიტორია არქეოლოგიურად შეუსწავლელია. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დაცულია ქალაქში შემთხვევით მოპოვებული არქეოლოგიური მასალა: თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, ბრინჯაოსა და რკინის იარაღი, სხვადასხვა სამკაული. 1949 წელს გურჯაანში აღმოჩნდა ოქროს 7 ცალი ბიზანტიური მონეტა, მოჭრილი ალექსი I-ის (1081-1118) და იოანე II-ის (1118-1143) სახელით.
სოფელი გურჯაანი წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება კახეთის მეფის ალექსანდრე I-ის (1476-1511) გუჯარში, რომლის მიხედვით კახთუბანი-გურჯაანი მეფეს გადასახადისაგან გაუთავისუფლებია (კახთუბანი ამჟამად ქალაქის ერთ-ერთი უბანია). გურჯაანი მოხსენიებულია ასევე ვახუშტი ბატონიშვილის და იოანე ბატონიშვილის შრომებში. ამ პერიოდში ის ვაჩნაძეებისა და ანდრონიკაშვილების სოფელია. იოჰან გიულდენშტედტის მიხედვით XVIII ს-ის 70-იან წლებში გურჯაანი გაპარტახებული ყოფილა.
ქალაქი გურჯაანი 1934 წელს დაარსდა. მის შემადგენლობაში მოექცა ასევე კურორტი ახტალა. საბჭოთა პერიოდში გურჯაანი წარმოადგენდა სარკინიგზო კვანძს, სადაც თბილის-თელავის რკინიგზის ხაზს გამოეყოფოდა წნორის მიმართულებით მიმავალი განშტოება (უმოქმედოა 1990 წლიდან). ქალაქში მოქმედებს ღვინის (მ. შ. სააქციო საზოგადოება „გურჯაანი-1929"), სპირტის, ყველ–კარაქის ქარხნები, აგრეთვე ადგილობრივი მნიშვნელობის წვრილი საწარმოები. მოსახლეობა უმთავრესად ჩაბმულია სასოფლო-სამეურნეო შრომაში (მევენახეობა-მებაღეობა).
kultura
გურჯაანში არის გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრი, ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმი, დიდების მემორიალური მუზეუმი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კახეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული საცავი (ყოფილი გურჯაანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი). ქალაქში წარსულში არსებობდა სახალხო თეატრი, მის ნაცვლად ამჟამად მოქმედია მუნიციპალური კულტურის ცენტრთან არსებული თეატრალური დასი.
ქალაქ გურჯაანში ფუნქციონირებს შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკა, სადაც 2019 წელს გაიხსნა ღვინის მუზეუმი.
გურჯაანში და მის სიახლოვეს შემორჩენილია ისტორიული ძეგლები გურჯაანის ყველაწმინდა და ტატიას საყდარი. გურჯაანში მოქმედებს წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, აქვეა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.
demografia
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი |
1939 |
4 553 |
|
|
1959 |
8 186 |
|
|
1970 |
10 279 |
|
|
1979 |
10 954 |
|
|
1989 |
12 872 |
6 001 |
6 871 |
2002 |
10 027 |
4 580 |
5 447 |
2014 |
8 024 |
3 728 |
4 296 |
2021 |
7 535 |
|
|
|